მსოფლიო ბანკი: ომის გამო უკრაინის მშპ წლის ბოლომდე შესაძლოა 45%-ით შემცირდეს
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით შესაძლოა 45.1%-ით შემცირდეს.
ანალიტიკოსები უკრაინის ეკონომიკის ნელ აღდგენას ელიან. მათი თქმით, 2023 წელს ქვეყნის მშპ 2.1%-ით გაიზრდება, 2024 წელს - 5.8%-ით.
"აღდგენის მასიური ძალისხმევით, მშპ-ს ზრდა 7%-ს 2025 წლისთვის გადააჭარბებს, ინდუსტრიული და საექსპორტო შესაძლებლობების ნელი აღდგენისა და ლტოლვილების თანდათან დაბრუნების ფონზე. მიუხედავად ამისა, 2025 წლისთვის მშპ 2021 წლის ომამდელ მაჩვენებელზე მესამედით ნაკლები იქნება", - ნათქვამია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს უკრაინაში ინფლაცია 15% იქნება, 2023 წელს - 19%, ხოლო 2024 წელს - 8.4%.
ომმა და მის მიერ გამოწვეულმა ადამიანთა გადაადგილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს უკრაინაში სიღარიბის მაჩვენებლებზე. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი მკვეთრად გაიზრდება - 1.8%-დან 19.8%-მდე. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 18.5% იქნება, 2024 წელს – 17.1%.