მსურველთა კოალიციის უმეტესობა გადაუწყვეტილია გაგზავნის თუ არა ჯარებს უკრაინაში

ე.წ. მსურველთა კოალიციის დღევანდელი სამიტის ფონზე ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების უმეტესობა კვლავ გადაუწყვეტელია: არიან, თუ არა მზად გაგზავნონ ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times წერს - გამოცემის ცნობით, ევროპის დედაქალაქები მზარდი წნეხის ქვეშ არიან, გააჟღერონ კონკრეტული დაპირებები. 

  • მსურველთა კოალიციის მორიგი სამიტი პარიზში, დღეს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის ონლაინ-კონფერენციაა დაგეგმილი. 

  • წყაროების ცნობით, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებისთვის არიან მზად ცალკეული ქვეყნები, ასევე არ არის განსაზღვრული მექანიზმი: იქნება თუ არა ეს ინიციატივა დაფუძნებული ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებებზე და ექნებათ თუ არა უკრაინის მხარეს ომში ჩართვის ვალდებულება ევროპულ ქვეყნებს რუსეთის შესაძლო მომავალი აგრესიის შემთხვევაში. 

ჩაშლილად: Financial Times-ის ცნობით, კოალიცია ამ დროისთვის დაახლოებით 3 ჯგუფად იყოფა: ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჯარების გასაგზავნად; ქვეყნები, რომლებიც ჯარების გაგზავნის წინააღმდეგები არიან და  გადაუწყვეტელი ქვეყნები. 

  • წყაროების ცნობით, ქვეყნების პირველი ჯგუფის ლიდერები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან. 

  • ჯარების გაგზავნის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს კი იტალია ხელმძღვანელობს. 

  • ქვეყნების უმეტესობა კი გადაუწყვეტელთა ჯგუფს მიეკუთვნება, მათ შორისაა გერმანიაც. 
  • საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოების პოტენციურმა გარანტორებმა დაასრულეს ტექნიკური სამუშაოები და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობის წილი და იგივეს მოელიან ამერიკელებისგანაც. 

  • დღევანდელი შეხვედრისგან კონკრეტული წინადადებების მოლოდინის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც - მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან ვაშინგტონთან მათი ჩართულობის შესახებ კონკრეტული სამუშაო პროცესი დაიწყოს. 

კონტექსტი: 18 აგვისტოს თეთრ სახლში, ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის მიიღოს მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პროცესში. 

  • დასავლური მედიის ინფორმაციით, საუბარია სადაზვერვო, საჰაერო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერაზე. 

  • დღევანდელი სამიტის მოახლოების ფონზე გერმანიის კანცლერის უკმაყოფილება გამოიწვია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპული დედაქალაქები უკრაინაში ჯარების განლაგების კუთხით "საკმაოდ კონკრეტულ გეგმასა და საგზაო რუკაზე მუშაობენ."

  • ფოდ დერ ლაიენის განცხადების პასუხად ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მუშაობა ცალკეული ქვეყნების დონეზე მიმდინარეობს და ამ ქვეყნების ლიდერების საქმეა და ევროკომისიის პრეზიდენტის. 

 

 

მსგავსი სიახლეები