ნავთობის ფასის დასტაბილურებისთვის აშშ რეზერვებიდან დღეში მილიონი ბარელის გაყიდვას აპირებს

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს სანავთობო რეზერვებიდან დღეში მილიონი ბარელის გამოშვებას აპირებს, წერს გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ჯამში აშშ-მ სტრატეგიული რეზერვებიდან შესაძლოა 180 მილიონ ბარელამდე ნავთობი გაყიდოს.

თეთრი სახლი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ 31 მარტს გააკეთებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

საერთაშორისო სანქციების ფარგლებში აშშ-მ რუსულ ნავთობს ემბარგო დაადო.

ბაიდენის ადმინისტრაცია მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად და ბენზინის ფასის დასასტაბილურებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ ენერგო-ექსპორტიორებთან.

ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, ნავთობის ექსპორტიორთა უმსხვილესი კარტელი OPEC და ენერგომატარებლების ბაზარზე მთავარი მოთამაშე - საუდის არაბეთი - წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდაზე უარს აცხადებენ.

ერ-რიადი მოსკოვთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოპოვების მოცულობას OPEC-თან ათანხმებს (OPEC+).

აშშ-ს სტრატეგიული სანავთობო რეზერვები 568 მილიონ ბარელს უტოლდება.

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების დასტაბილურება „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო.

ბაიდენის ევროპული ტურნეს ფარგლებში აშშ-მ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ამერიკა ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს 15 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის.

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ევროკავშირის ქვეყნები ენერგომატარებლების ალტერნატიულ მიმწოდებლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

რუსეთი დღეს ევროკავშირის გაზის მოთხოვნილების 40 პროცენტს, ნავთობის 27 პროცენტს და ქვანახშირის 46 პროცენტს აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები