უახლოეს მომავალში ნეთანიაჰუ შესაძლოა კიევს ეწვიოს - Israel Hayom

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინაში ჩავიდეს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამ ინფორმაციას Israel Hayom ისრაელის მთავრობის ოფიციალურ პირებთან საუბრის საფუძველზე ავრცელებს.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ნეთანიაჰუს საკმაოდ ფრთხილი და ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, რაც მის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში გარძელდა. თუმცა, 2022 წლის შემოდგომაზე თანამდებობის ხელახლა დაკავებისთანავე მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ისრაელი განიხილავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის ვიზიტს კიევში.

იმის გამო, რომ კოენის ვიზიტს რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია, ოფიციალური პირები თვლიან, რომ ამ ვითარებაში ნეთანიაჰუს შეუძლია კიევში ჩასვლა მოსკოვში ზედმეტი აჟიოტაჟის გამოწვევის გარეშე.

ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის დედაქალაქს, რაც ნეთანიაჰუსთვის დამატებითი მოტივაციაა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუმ, მისი საერთაშორისო პროფილის გათვალისწინებით, მას უნდა მიბაძოს, რამაც განაპირობა ვიზიტის განხილვა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა Israel Hayom-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერს ოფიციალური მიწვევა უკვე გადაეცა, მაგრამ ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ორშაბათს, კიევმა ისრაელის ქნესეთის დეპუტატებს ზეევ ელკინს და იული ედელშტეინს უმასპინძლა, რომლებიც პარლამენტში ისრაელ-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობენ.

ზელენსკისთან დაახლოებით ერთ საათიან შეხვედრაზე მათ ისრაელის გაზრდილ დახმარებაზე და ირანის წინააღმდეგ ისრაელ-უკრაინის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ედელშტეინმა და ელკინმა აღნიშნეს, რომ როგორც დასავლური ერი და რომელიც იცნობს "უსამართლო აგრესიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უწყვეტი დაბომბვისგან დაცვის მნიშვნელობას", ისრაელი არ უნდა დადგეს განზე და მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები