ნევზოროვი "აზოვს" დაუკავშირდა: საოცარი ხალხია, არანაირი კავშირი არ აქვთ "ნაციზმთან"
28 მარტს რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა Telegram-ზე განაცხადა, რომ აზოვის პოლკს დაუკავშირდა, რომელსაც კრემლის პროპაგანდა ფაშისტურს და ნაცისტურს უწოდებს.
"ყოველთვის თვითონ უნდა გაარკვიო ყველაფერი. რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა აზოვის პოლკს "ნაციზმის" კონცენტრატს უწოდებს. დავუკავშირდი. საოცარი ხალხია. მათ "ნაციზმთან" საერთო არაფერი აქვთ. ჩვენი კომუნიკაციის შედეგი იყო მათი მიმართვა რუსეთისადმი. ვიმედოვნებ, რომ ეს მაინც დაგვეხმარება იმ სისულელეების ამოტუმბვაში, რომელიც პუტინმა და სალავიოვმა ჩაყარეს ღარიბი რუსების თავებში", - წერს ნევზოროვი.
მან რუსებისადმი აზოვის პოლკის მიმართვა გამოაქვეყნა.
"დღეს მთელი მსოფლიო დიდი სიცრუის და პაწაწინა ჭეშმარიტების ეპოქაში ცხოვრობს. მილიარდობით დოლარი იხარჯება დიდებულების ილუზიის შესაქმნელად და "რუსული სამყაროს" ანტიადამიანური იდეების პოპულარიზაციისთვის. იდეებს, რომელსაც მოაქვს განადგურება, სიკვდილი, ტანჯვა, შიმშილი და შიში. სიმართლე რჩება ერთადერთ იარაღად ამ ბრძოლაში. სიმართლე კი ასეთია: ჩვენს მიწას შეუტია მზაკვრულმა ურჩხულმა და ჩვენი უფლება და მოვალეობაა მისი დაცვა. აზოვი დგას ამ თავდაცვის წინა ხაზზე", - ნათქვამია განცხადებაში.
აზოვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დანაყოფი რუსეთის მიერ ყირიმის და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს მოხალისეებმა შექმნეს.
"ეს არის ქვედანაყოფი, რომელშიც მსახურობენ უკრაინელები, რუსები, ებრაელები, ბერძნები, ქართველები, ყირიმელი თათრები და ბელარუსელები, ამ ქვედანაყოფში უკვე რვა წელია სხვადასხვა აღმსარებლობის ჯარისკაცები მსახურობენ: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, წარმართები, ებრაელები და მუსლიმები, სადაც უმრავლესობა რუსულად საუბრობს. ჩვენ გვძულს ნაციზმი და სტალინიზმი. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა ამ ტოტალიტარულმა რეჟიმებმა და ცრუ იდეოლოგიებმა", - აღნიშნა აზოვმა.
მიმართვაში აღნიშნეს, რომ აზოვი იყო, არის და იქნება უკრაინის ფარი.
"ჩვენ არავის არასდროს დავსხმივართ თავს. აზოვის მთავარი მიზანია დაიცვას და განავითაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის ამბიციები. ჩვენ, გმირი ქალაქის, მარიუპოლის დამცველებმა ავიღეთ ფარი და ხმალი, რომელიც ბოროტებისა და სიცრუისგან იცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს. თუ ჩვენ ხმალს დავყრით, ხვალ იგივე ბედი ეწევა კიევს, ლვოვს, ზეგ კი ვარშავას, ბერლინს და პარიზს." - ნათქვამია განცხადებაში.