ნიდერლანდებში კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა

ნიდერლანდებში სამთავრობო კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც „ახალი სოციალური კონტრაქტის“ ლიდერმა, პიტერ ომციგტმა ხეერტ ვილდერსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„წარმოუდგენლად სამწუხაროა. ჩვენ კერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით, ნიდერლანდებს სურს ეს კაბინეტი, პიტერ ომციხტი კი ხელს უშლის მის ჩამოყალიბებას. მე ეს არ მესმის“, - ხეერტ ვილდერსი.

პიტერ ომციხტის განცხადებით, მან ხეერტ ვილდერსთან ერთად სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ არ სურს მოსახლეობის მოტყუება.

„ახალ სოციალურ კონტრაქტს“ არ სურს ჰოლანდიელებისთვის ისეთი დაპირებების მიცემა, რომლებიც უბრალოდ ცარიელი დაპირებებია და ვერ შესრულდება ახალი კაბინეტის მიერ“, - პიტერ ომციგტი.

პიტერ ომციხტი უმრავლესობის კოალიციაში თანამონაწილეობას გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს ხელს შუწყობს - „უმცირესობის კაბინეტის კონსტრუქციული მხარდაჭრით“.

კონტექსტი

22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 23.6% (37 მანდატი) ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.

ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო 150 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 76 მანდატის ფლობაა საჭირო.

მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის გარეშე ჩამოყალიბდა.

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ყოფილი მინისტრი, „ლეიბორისტული პარტიის - PvdA“ წევრი, რონალდ პლასტერკი დანიშნა.

სამთავრობო კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებებს ოთხი პოლიტიკური გაერთიანება - ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტია - PVV“, პიტერ ომციგტის „ახალი სოციალური კონტაქტი - NSC“, კაროლინ ვან დერ პლასის „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობა - BBB“ და დილან იეშილგოზის „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD“ აწარმოებდნენ.

პიტერ ომციგტის პარტიის გარეშე, „თავისუფლების პარტია“, „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობა“ და ყოფილი მმართველი გაერთიანება „სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ ჯამში 68 მანდატს ფლობენ, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის. 

მსგავსი სიახლეები