ნიკოლაი პატრუშევი: ვეჭვობთ, რომ ჩვენს საზღვრებთან აშშ ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს შესაძლოა აშშ-ს მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიები ბიოლიოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ პატრუშევმა გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

რამდენიმე წლის წინ პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს [ФСБ] ხელმძღვანელობდა, პატრუშევი პუტინის მეგობარია და მისი უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა.

"მოგიწოდებთ ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში სოკოებივით იზრდება ახალი ბიო-ლაბორატორიები, რომლებიც აშშ-ის კონტროლის ქვეშაა. უცნაური დამთხვევაა, რომ ეს ძირითადად რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან ახლოს ხდება",- თქვა პატრუშევმა. მისი თქმით, იმ ქვეყნების მთავრობებმა, რომელთა ტერიტორიაზეცაა განთავსებული ლაბორატორიები, არ იციან თუ რა ხდება ამ ობიექტებზე.

"გვეუბნებიან, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს მშვიდობიანი სპეცეპიდსადგურები მოქმედებს, თუმცა, რატომღაც, ეს ობიექტები მერილენდში მდებარე ფორტ-დეტრიკს გვაგონებს, სადაც ამერიკელები უკვე ათწლეულებია სამხედრო ბიოლოგიის მიმართულებით მუშაობენ",- ამბობს პატრუშევი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს, რომ ამ ლაბორატორიების ირგვლივ მდებარე დასახლებებში უჩვეულო დაავადებები ვლინდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ, ამ ობიექტებზე აშშ ბიოლოგიურ იარაღს ქმნის, პატრუშევი პასუხობს - "გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს სწორედ ასეა."

ამავდროულად, პატრუშევი ამბობს, რომ "რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებებს და შეთანხმებას გეგმავს."

პატრუშევს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოებს და ლაბორატორიებს გულისხმობდა. სავარაუდოა, რომ პატრუშევის ნათქვამში თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც გულისხმობდა. 

გასული წლის ოქტომბერში რუსეთის უშიშროების საბჭომ უკვე განაცხადა ხელოვნურად შექმნილი ვირუსების გამოჩენის საფრთხის შესახებ. უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის საგარეო და სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები თითქოსდა თბილისში მდებარე სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობაზე საუბრობენ. რუსული მხარის თქმით, თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღს ქმნიან, ამის შესახებ სიუჟეტები რამდენჯერმე გავიდა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებშიც. 

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო დეზინფორმაციული კამპანია რუსეთში რამდენიმე წლის წინ, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებების შემდეგ დაიწყო. გიორგაძე, რომელმაც საქართველო 1994 წელს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან დატოვა, ამბობს, რომ ლუგარის ცენტრში აშშ-ს საიდუმლო ექსპერიმენტებს ადამიანებზე ატარებს. 

გასულ წელს რუსეთის საგარეო უწყების [МИД] განცხადების შემდეგ, საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მზაობა გამოთქვა ლაბორატორია რუსი ექსპერტებისთვის მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების დელეგაციის ფარგლებში გაეხსნა. მაშინ ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად ღიაა და შესაბამისი შემოწმება ლაბორატორიას მრავალჯერ აქვს გავლილი. გამყრელიძემ თქვა, რომ მხოლოდ რუს ექსპერტებს ლაბორატორიაში არ დაუშვებდნენ.

მსგავსი სიახლეები