ნორვეგია უკრაინას 10 ხიდს გადასცემს
ნორვეგია უკრაინას ომის დროს დაზიანებული ხიდების აღდგენაში დაეხმარება. ეს ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა გაავრცელა.
Norway Postsen-ის ცნობით, ხიდების ჯამური ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (დაახლოებით 3 მილიონი დოლარი).
"რუსეთმა ცინიკურად გაანადგურა უკრაინის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული ნორმალურ გზებზე, რათა უზრუნველყოს საკვების, წყლის, მედიკამენტების მიწოდება და დაჭრილების საავადმყოფოებში გადაყვანა", - თქვა ჰუიტფელდტმა.
გამოცემა წერს, უკრაინამდე დაშლილი ხიდების კომპონენტებს 32 სატვირთო მანქანა ჩაიტანს.
"ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ უკრაინას დახმარება დიდი ხნის განმავლობაში გავუწიოთ. უახლოეს მომავალში მთავრობა გამოაცხადებს დახმარების ახალ პაკეტებს, იმ 14 მილიარდი კრონის გარდა, რომელიც უკვე დაანონსდა." - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
28 ნოემბერს ჰუიტფელდტი ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად უკრაინას ეწვია.