ნორვეგია უკრაინას ექვს F-16-ს გადასცემს

ნორვეგიის მთავრობამ უკრაინისთვის ექვსი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან პირველი 2024 წელსვე უნდა ჩავიდეს.

ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ აღნიშნა, რომ უკრაინის უნარი, დაიცვას ცა, უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ნორვეგიამ გადაწყვიტა ექვსი F-16-ის გამანადგურებელი გადასცეს უკრაინას, ჩვენ ვგეგმავთ თვითმფრინავების 2024 წელს მიწოდებას," - განაცხადა მან.

ჯერ კიდევ 2023 წელს, ოსლოში გამოცხადდა, რომ დანიის ხელმძღვანელობით "საავიაციო კოალიციის" ფარგლებში, გარკვეული რაოდენობის F-16-ები გადაეცემოდა უკრაინას.

მან აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, ეს მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის.

"ნორვეგია 2023 წლის შემოდგომიდან მონაწილეობს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში დანიაში და გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას," - თქვა პრემიერმა.

მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ უკრაინაში პირველი დასავლური გამანადგურებლების გამოჩენითა და მათი რაოდენობის მატებასთან ერთად, დადგება მათთვის საკმარისი რაოდენობის იარაღისა და ტექნიკური მოვლის საკითხი.  

"ამ საქმეში ჩართული არიან ბელგია, კანადა, დანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, პორტუგალია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია," - ნათქვამია კომუნიკეში.

ნორვეგიამ 2021 წლიდან დაიწყო F-16-ების ეტაპობრივი ჩანაცვლება F-35-ებით. შემდეგ ოცდათორმეტი გამანადგურებელი რუმინეთს მიჰყიდა, ნაწილი კი კვლავ ნორვეგიაში რჩება.

მსგავსი სიახლეები