ნორვეგიამ უკრაინას 14 საპატრულო ჯავშანმანქანა გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 14 IVECO LAV III საპატრულო მანქანა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს ქვეყნის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ნორვეგიის მთავრობა აცხადებს, რომ მანქანები მობილური და კარგად დაცულია. სწორედ ამ ჯავშანმანქანებს იყენებდნენ ავღანეთში ნორვეგიის ჯარები.
"მანქანებზე მოთხოვნა უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღეთ და სხვა სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც უკვე გადავეცით, როგორიცაა არტილერია, გადასატანი საზენიტო სისტემები და ჯავშანტრანსპორტიორები, უკრაინა ჯავშანმანქანებსაც მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრ ბერნ არილდ გრამის თქმით, ნორვეგია "აგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში".
"მთავრობა მუდმივად აფასებს, თუ როგორ შეუძლია ნორვეგიას შემდგომი დახმარება გაუწიოს უკრაინას რუსეთისგან ქვეყნის დასაცავად", - თქვა გრამმა.