ნულანდი: სავარაუდოდ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად ვაღიარებთ
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის არმიის ქმედებებს უკრაინაში აშშ გენოციდის კვალიფიკაციას მისცემს.
ნულანდის განმარტებით, გენოციდის შესახებ მასალებისა და მტკიცებულებების შეგროვებას და შემდეგ ამის დამტკიცებას დრო დასჭირდება, მაგრამ მაღალი ალბათობით აშშ სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ის რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა გენოციდი უწოდა, საბოლოოდ, მაღალი ალბათობით, იქნება სწორედ ის რა დასკვნამდეც მივალთ ჩვენ როდესაც ყველა საჭირო მტკიცებულებს შევკრებთ და გავაანალიზებთ', - ამბობს ნულანდი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ბუჩის სასაკლაოს შესახებ ცნობების გავრცელებიდან პირველ დღეებში აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები და მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენიც თავს იკავებდა ამ შეფასებისგან.
თუმცა, ადგილზე გამომძიებელთა ჯგუფის ჩასვლასთან და ვითარების უკეთ გაანალიზებასთან ერთად ცხადი ხდება, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენები სწორედ გენოციდის ხასიათს ატარებდა.