ნულანდი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამის საფასური ასტრონომიული იქნება
ამერიკა არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა 22 აპრილს, ЄВРОПЕЙСЬКА ПРАВДА-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და მან უკვე გასცა ბრძანება საშინელი, სუპერ სასტიკი სამხედრო დანაშაულებების ჩადენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის იარაღი კატასტროფული შედეგებით", - განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ახლა არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ნატოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც "ძალიან დაჟინებით აწვდიან სიგნალს პუტინს, რომ ეს ნაბიჯი იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის, არამედ იქნება აბსოლუტურად დამღუპველია თავად პუტინისთვის და რუსეთისთვის".
"დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ კატასტროფულ სცენარში ჩვენ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. და მართალია ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ომის დანაშაულებებზე, რაზეც პუტინს მოუწევს პასუხისგება, მაგრამ ასეთი იარაღის გამოყენება სიტუაციას ფუნდამენტურად ახალ დონეზე აიყვანს. და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ეს შედეგები დადგეს, - განმარტა ნულანდმა.
ჟურნალისტმა მას სთხოვა დაეზუსტებინა რა შედეგები მოჰყვება ამას.
"ვფიქრობ, აჯობებს თავი შეიკავოთ ამ დეტალებზე საუბრისგან ამ ვითარებაში. შემიძლია მხოლოდ დაგარწმუნოთ: თუნდაც იმ მაღალ დანაკარგებთან შედარებით, რაც რუსეთისთვის ამჟამინდელ აგრესიას აქვს, ამ შემთხვევაში, პუტინის ქმედებების ფასი უბრალოდ ასტრონომიული იქნება", - განაცხადა ნულანდმა.