NYT: დასავლეთს უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მარაგი ეწურება
აშშ-ს და ნატოს წევრ სახელმწიფოებს საკუთარი საბრძოლო მასალების მარაგის შემცირების ფონზე, სულ უფრო მეტად ურთულდებათ უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების პოვნა.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
მასალაში აღნიშნულია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოების უმეტესობა მცირე არმიის მოდელზე გადავიდნენ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი სამხედრო არსენალები და უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
აშშ-საც კი, რომელიც მსოფლიოში სამხედრო შეიარაღების უმსხვილესი მწარმოებელია უკრაინისთვის გამოსადეგი შეიარაღების შეზღუდული მარაგები აქვს. ამასთანავე თეთრ სახლში არ სურთ შეიარაღების და საბრძოლო მასალების პოტენციურად ფეთქებადსაშიში ადგილებიდან გამოტანა. საუბარია ტაივანის მიმდებარე ტერიტორიასა და კორეის ნახევარკუნძულზე.
გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის 9 თვის შემდეგ დასავლეთის შეიარაღების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მათ მოუმზადებლობას უკავშირდება.
შედარებისთვის ავღანეთის მისიის ყველაზე ცხელ ფაზაში ნატოს ძალები დღეში მაქსიმუმ 300 საარტილერიო ჭურვს იყენებდა, მაშინ როდესაც მხოლოდ დონბასში უკრაინა ყოველდღიურად 6-7 ათას ჭურვს იყენებს და ეს მაინც არ არის საკმარისი.
საქმე ის არის, რომ რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად დაახლოებით 40-50 ათასს საარტილერიო ჭურვს ისვრიან, ამ უპირატესობის აღმოსაფხვრელად კი უკრაინას მეტი შეიარაღება ჭირდება.
შედარებისთვის აშშ ყოველთვიურად მხოლოდ 15 000 საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. უკრაინაში მიმდინარე ომის ერთი დღე გამოყენებული საბრძოლო მასალების და შეიარაღების რაოდენობით ავღანეთის მისიის 30 დღეს უტოლდება.
სწორედ ამიტომ დასავლეთის ძალისხმევა უმთავრესად უკრაინისთვის საჭირო საბჭოთა წარმოების საარტილერიო ჭურვებისა და ტანკების პოვნისკენაა მიმართული. შეიარაღების მარაგების პოვნას დასავლეთი ცდილობს ისეთ სახელმწიფოებში როგორიცაა სამხრეთ კორეა.
მიმდინარეობს დისკუსიები ჩეხეთის იმ ინდუსტრიულ ობიექტებში ინვესტირების შესახებ, რომლებიც წარსულში 152 და 155 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებდნენ.
კონტექსტი
ჯამურად ომის დაწყებიდან ამ დრომდე ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას 40 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება გადასცეს. დაახლოებით ამდენივეს შეადგენს საფრანგეთის თავდაცვის წლიური ბიუჯეტიც.
გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით ნატოს წევრი 30 სახელმწიფოდან შედარებით მცირე ზომის 20 ქვეყანამ უკვე ამოწურა უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მარაგი.
თუმცა მითითებულია, რომ შესაბამისი შეიარაღების მარაგი კიდევ რჩება ალიანსის შედარებით უფრო მსხვილ სახელმწიფოებს: საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, იტალიას.