უკრაინამ მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 17%

გასულ კვირებში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 17%.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - გამოცემის კალკულაციით ჯამურად რუსეთი ყოველდღიურად 1.1 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს ამუშავებს.
- დრონების თავდასხმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ნავთობის გადამუშავების პროცესი, ბენზინის დეფიციტი შეინიშნება არაერთ რეგიონში.
- პრობლემას უფრო მეტად ამწვავებს ისიც, რომ ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ტურისტული სეზონის გათვალისწინებით ბენზინზე მოთხოვნა ზაფხულში ისედაც პიკურია.
- ივლისში რუსეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა ბენზინის ექსპორტის პირობები და შეამცირა კვოტები, რათა შიდა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
Big Picture: კარნეგის ფონდის ექსპერტის, სერგეი ვაკულენკოს თქმით, დაზიანებულმა საწარმოებმა მათი სიმძლავრის მხოლოდ ნაწილი დაკარგეს, თუმცა ჯამურად შედარებითი მწირი გადამამუშავებელი სიმძლავრის გათვალისწინებით ეს საგრძნობი დანაკარგია.
- მხოლოდ გასულ თვეში უკრაინამ დარტყმები მიიტანა: ლუკოილის დიდ გადამამაშავებელ საწარმოზე ვოლგოგრადში, როსნეფტის საწარმოზე რიაზანში, ასევე საწარმოებზე როსტოვის, სამარის, სარატოვისა და კრასნოდარის ოლქებში.
- გარდა ამისა დარტყმები განხორციელდა დრუჟბას მილსადენსა და ნოვატეკის უსტ-ლუგას საექსპორტო ტერმინალზე.