მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, გაიმართება ონლაინ კონფერენცია ტრამპთან

პარიზში დაგეგმილი მსურველთა კოალიციის სამიტის შემდეგ, დაგეგმილია ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის ონლაინ კონფერენცია. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული BFMTV ავრცელებს - ონლაინ კონფერენცია დონალდ ტრამპთან თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. 

  • მსურველთა კოალიციის სამიტის შემდეგ ელისეს სასახლეში ასევე დაგეგმილია ევროპელი ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია. 

  • ცალკეული ქვეყნების ლიდერების გართა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები. 
  • გუშინ, 3 სექტემბერს თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავდა ვლადიმირ პუტინთან - მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გულისხმობდა. 

კონტექსტი: ე.წ. მსურველთა კოალიციის დღევანდელი სამიტის ფონზე ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების უმეტესობა კვლავ გადაუწყვეტელია: არიან, თუ არა მზად გაგზავნონ ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. 

  • ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებისთვის არიან მზად ცალკეული ქვეყნები, ასევე არ არის განსაზღვრული მექანიზმი: იქნება თუ არა ეს ინიციატივა დაფუძნებული ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებებზე და ექნებათ თუ არა უკრაინის მხარეს ომში ჩართვის ვალდებულება ევროპულ ქვეყნებს რუსეთის შესაძლო მომავალი აგრესიის შემთხვევაში. 

  • Financial Times-ის ცნობით, კოალიცია ამ დროისთვის დაახლოებით 3 ჯგუფად იყოფა: ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჯარების გასაგზავნად; ქვეყნები, რომლებიც ჯარების გაგზავნის წინააღმდეგები არიან და  გადაუწყვეტელი ქვეყნები. 

  • დღევანდელი შეხვედრისგან კონკრეტული წინადადებების მოლოდინის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც - მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან ვაშინგტონთან მათი ჩართულობის შესახებ კონკრეტული სამუშაო პროცესი დაიწყოს. 

მსგავსი სიახლეები