NYT: ირანი და აშშ პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ირანის მთავრობამ ევინის ციხიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების 5 მოქალაქე. გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით აშშ-სა და ისლამურ რესპუბლიკას შორის პატიმრების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების ნაწილია. 

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განბლოკავს ირანის ეროვნული ბანკის კუთვნილ 6 მილიარდ დოლარს, რომელიც სანქციების შედეგად რამდენიმე წლის წინ დააყადაღეს. 

დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა სამხრეთ კორეიდან ერთ-ერთ კატარულ ბანკში გადაირიცხება - ფინანსებზე კონტროლი კატარულ მხარეს ექნება და ირანს ამ თანხის გამოყენება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით შეეძლება. 

მოსალოდნელია, რომ ირანში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეები სამშობლოში სწორედ თანხის გადარიცხვის შემდეგ დაბრუნდებიან. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ სამშობლოში დაბრუნდებიან ირანის მოქალაქეები, რომელიც აშშ-ში სანქციის დარღვევისთვის იხდიან სასჯელს, მათი რაოდენობა უცნობია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები