NYT: თეთრი სახლი ისრაელს ურჩევს გადადოს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისრაელს ურჩევს გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზის სექტორში - ამგვარად თეთრი სახლი ცდილობს დამატებითი დრო მოიგოს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებლად და ომის დაწყებამდე ღაზაში საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ამერიკელებს სურთ მოემზადონ შესაძლო ესკალაციისთვის ირანული პროქსი ძალების მხრიდან რეგიონში, რაც მაღალი ალბათობით ღაზაში ოპერაციის დაწყების შემთხვევაში გარდაუვალია.
წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მხარს უჭერს ისრაელის მიერ გაცხადებულ მიზანს - ჰამასის განადგურებას, თუმცა მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს ჰამასმა 2 მძევალი გაათავისუფლა, თეთრი სახლი ისრაელს თხოვს დამატებით დროს მძევლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ჯო ბაიდენსა და ბიბი ნეთანიაჰუს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 22 ოქტომბერს შედგა. თეთრი სახლის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეგვიპტის მხრიდან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
გამოცემის წყაროს თქმით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გადადების რჩევა ისრაელის მთავრობასთან შეხვედრის დროს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გააჟღერა.
კონტექსტი
მაღალჩინოსანი, რომელიც მძევლების საკითხზე მუშაობს NYT-სთან საუბარში ამბობს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ჰამასი მძევალთა გათავისუფლების შესახებ კატარის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლით იმუქრება.
ირანული პროქსი ძალების მხრიდან რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის რისკებზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS news-თან.
გასულ კვირას ერაყში და სირიაში განლაგებულ ბაზებზე გახშირებული დრონებისა და სარაკეტო შეტევების ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაღდადის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია გამოაცხადა.