ოლაფ შოლცის მეუღლე ბრანდენბურგის განათლების მინისტრობიდან გადადგა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეუღლე ბრიტა ერნსტი, აღმოსავლეთ გერმანიის ბრანდენბურგის მიწის განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ Politico წერს.
ერნსტი ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. გადადგომის შესახებ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ბრანდენბურგში მასწავლებლების დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად მისმა გეგმამ "სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ჯგუფის მხარდაჭერა მიწის პარლამენტში."
ბოლო კვირების განმავლობაში მინისტრსა და მის საპარლამენტო ჯგუფს შორის დაძაბულობა იყო. მას მასწავლებლის 200 ვაკანტური პოზიციის შემცირება და სოციალური მუშაკებით დაკომპლექტება სურდა. ერნსტმა ასევე სკოლის დამატებითი სოციალური სერვისებისთვის დაფინანსების შემცირება დააინიცირა.
ბრანდენბურგის პარლამენტის დეპუტატმა კატია პოშმანმა მარტის ბოლოს, ღიად გააკრიტიკა ერნსტი და მისი გეგმები და თქვა, რომ ყველა მასწავლებლის პოზიცია და სასკოლო სამსახური "შეუცვლელია."
მიწის პრემიერმა დიტმარ ვოიდკემ მადლობა გადაუხადა ერნსტს მისი მუშაობისთვის: "ის დაკისრებულ მოვალეობებს რთულ დროს ასრულებდა… წინდახედულობით და მტკიცე ხელით."
ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა სამინისტრო თავის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ერნსტის გეგმის გაუქმებას.
ერნსტი ოლაფ შოლცზე 1998 წლიდან არის დაქორწინებული. ისინი მედიაში ერთად იშვიათად ჩნდებიან, მაგრამ 2021 წელს შოლცმა თქვა: "ბრიტა ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ამდენი ხნის განმავლობაში უცვლელი. თანამდებობები მოდიან და მიდიან, სიყვარული რჩება."