ომის დაწყებიდან დღემდე შვეიცარიაში 75 ტონა რუსული ოქრო შევიდა
2022 წლის მარტიდან შვეიცარიულმა ქარხნებმა რუსეთიდან 75 ტონა ოქრო მიიღეს გადასამუშავებლად. ქვეყანაში ოქრო ლონდონის გავლით შევიდა და სანქციები არ დაირღვა.
ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემების SRF-ისა და Die Wochenzeitung-ის ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამია.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბოლო წლებში შვეიცარიის ე.წ. გადამამუშავებელ ქარხნებში დიდი რაოდენობით რუსული წარმოშობის ოქროს ამუშავებდნენ, რომელიც ლონდონის გავლით შოდიოდა.
მთლიანობაში, 2021 წლიდან, შვეიცარიის გადამამუშავებელ ქარხნებში 6 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი ღირებულების 110 ტონა ოქრო (6.6 მილიარდი დოლარი) შევიდა. მხოლოდ 2022 წლის მარტიდან შვეიცარიაში 75 ტონა გადამუშავდა.
თუ სრულმასშტაბიან ომამდე შვეიცარიაში წელიწადში საშუალოდ 20 ტონა რუსული ოქრო შედიოდა, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ხუთ თვეში ლონდონის გავლით შვეიცარიაში რუსეთიდან 38 ტონა ოქრო შევიდა. ანალოგიურად, ბოლო წლებში გაიზარდა რუსული ოქროს ექსპორტი დიდ ბრიტანეთში.
"თუ შვეიცარიის გადამამუშავებელი ქარხნები ახლა ამ ოქროს იმპორტით არიან დაკავებული და ადნობენ, ეს იურიდიულად უპრობლემოა, მაგრამ ეთიკურად ძალიან საეჭვოა," - განმარტავს სისხლის სამართლის ყოფილი პროფესორი და ოქროთი ვაჭრობის ექსპერტი მარკ პიეტი, რადგან გადამუშავება "ეთიკურად საეჭვო რუსული ოქროსგან" ქმნის შვეიცარიულად მარკირებულ ოქროს.
ამავდროულად, შვეიცარიის ქარხნები ვერ ხედავენ კავშირს რუსული წარმოშობის ოქროს გადამუშავებასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ოქრო ბრიტანეთში უკრაინაში შეჭრამდე და სანქციების დაწესებამდე შეიტანეს.
2022 წლის აგვისტოდან შვეიცარიამ რუსეთიდან ოქროს შეძენა, იმპორტი ან ტრანსპორტირება აკრძალა.