ომის საბაბის ძებნაში ФСБ-მ საკუთარი სამხედრო ტექნიკა ააფეთქა
გასულ დღეებში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაზრდილი საფრთხის ფონზე, გაორმაგებული ინტენსივობით გაგრძელდა სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია.
რუსეთი მთელი მონდომებით ცდილობს უკრაინაში შეჭრისთვის აუცილებელი საბაბი შექმნას. ერთ-ერთ ასეთ მცდელობას წარმოადგენდა რუსეთის სახელმწიფო არხებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინელი დივერსანტების შესახებ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ამის შესახებ პირველად რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა განაცხადა, უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე - როსტოვის ოლქში შემოიჭრა უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი, რომელიც მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს და ბრძოლაში ჩაებნენ.
უწყების ინფორმაციითვე, მალე მესაზღვრეებმა დასახმარებლად სამხედროებს უხმეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ ბრძოლის შედეგად მოკლულია 5 დივერსანტი და განადგურებულია მათი კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი [БТР].
მოგვიანებით ამბავს გამოეხმაურა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური [ФСБ.]. მათ განცხადებაში საუბარი იყო "ინციდენტზე", თუმცა არ ყოფილა ნახსენები უკრაინელი დივერსანტები.
უწყებაში ამბობდნენ, რომ რუსეთის საზღვარზე შემოსული და თითქოსდა სამხედროებთან შეტაკებაში მოკლული პირების ვინაობა უცნობია.
იმავე დღეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოგვიანებით ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას ჩაატარებდა. აღნიშნული სხდომა მთავარი რუსული ტელეარხებისა და საინფორმაციო სააგენტოების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არა პირდაპირ ეთერში, არამედ ჩანაწერით გავიდა, რაც თავად დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
ამავე სხდომაზე, ФСБ-ს დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა როსტოვში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ბორტნიკოვმა მის მიერ მართული უწყებისგან განსხვავებით განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შემოიჭრნენ და 1 მათგანი ტყვედაც კი აიყვანეს.
ტყვედ აყვანილი უკრაინელის ინფორმაცია მანამდე რუსულ მედიაში საერთოდ არ გავრცელებულა. ამასთან ერთად, ბორტნიკოვმა დაადასტურა, რომ შეტაკებაში განადგურდა დივერსანტების ჯავშანტრანსპორტიორი.
მოგვიანებით ФСБ-მ განადგურებული სამხედრო ტექნიკის ვიდეო კადრებიც კი გაავრცელა. სწორედ ეს კადრები შეისწავლა სამხედრო- ანალიტიკურმა ჯგუფმა Oryx-მა, რომელიც ღია წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების ანალიზით არის დაკავებული.
შესწავლის შედეგად ჯგუფის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ გავრცელებულ კადრებზე ასახული ჯავშანტრანსპორტიორი რუსული წარმოების БТР-70М-ის მოდიფიკაციის ჯავშანტრანსპორტიორია, ასეთი სამხედრო ტექნიკა კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, კადრების შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ჯავშანტრანსპორტიორი სხვა ფერად იყო გადაღებილი - ამით რუსები შეეცადნენ რუსული ჯავშანტრანსპორტიორი უფრო მეტად დაემსგავსებინათ უკრაინულისთვის.
"რუსეთისთვის დამახასიათებელ მანერაში - ეს ოპერაცია ჩატარებულია დილეტანტური მიდგომით, რაც რუსეთის დაზვერვის მიერ ორგანიზებულ მრავალ ოპერაციას ახასიათებს." - ამბობენ სამხედრო-ანალიტიკურ ჯგუფში.