ომში მონაწილეობის შემდეგ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი შეიწყალეს

Новая Газета-ს ჟურნალისტის, ანნა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი სერგეი ხაჯიკურბანოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობის შემდეგ შეიწყალეს. ხაჯიკურბანოვმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. 

ინფორმაციას ამის შესახებ ხაჯიკურბანოვის ადვოკატი ავრცელებს. 

"პირველი ხელშეკრულებით ხაჯიკურბანოვი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში პატიმრის სტატუსით მონაწილეობდა, ამის შემდეგ ის შეიწყალეს და ამ დროითვის თავდაცვის სამინისტროსთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი როგორც მოხალისეს",- ამბობს ალექსეი მიხალჩიკი. 

ადვოკატის ცნობით, ხაჯიკურბანოვი 1990-იან წლებში სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა და ამ გამოცდილების გამო მას მალევე მეთაურის თანამდებობა შესთავაზეს.

"ვთვლი, რომ სამართლიანობამ იზეიმა, რადგანაც მიმაჩნია, რომ ხაჯიკურბანოვს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს."

კონტექსტი 

ანნა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე, საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს. 

პოლიტკოვსკაია წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებების საკითხზე, ჟურნალისტის ფოკუსში ჩეჩნეთი იყო. პოლიტკოვსკაიას ხშირად უწევდა შუამავლის ფუნქციების შეთავსება რუსეთის მთავრობასა და იმდროინდელ ჩეჩენ სეპარატისტებს შორის. 

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა 2014 წელს გაიმართა, საქმეს სულ 5 ბრალდებული ჰყავდა. უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს რუსტემ მაჰმუდოვსა და მკვლელების ჯგუფის ორგანიზატორს, ლომ-ალი გაიტუკაევს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 

სერგეი ხაჯიკურბანოვს, რომელიც იმ დროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელი იყო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

მსგავსი სიახლეები