ორ კვირაში მარიუპოლში 1170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ავიაციის და არტილერიის ცეცხლმა სულ მცირე 1170 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. ამის შესახებ 9 მარტს მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა.
ორლოვის თქმით, დღეს მასობრივ საფლავში 47 გარდაცვლილი დაკრძალეს.
მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალაქი რუსული ჯარების უწყვეტი დაბომბვის ქვეშ იმყოფება.
"ხალხი არის წყლის, გათბობის, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე. მოსახლეობა თოვლს ადნობს წლის დასალევად და შეშას წვავს. რა არის ეს, თუ არა უკრაინელების ნამდვილი გენოციდი, რომელიც დაიწყო პუტინმა და მისმა გენერლებმა!" - ნათქვამია უკრაინის კულტურის სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.
რუსული აგრესიის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 8 მარტს გაერომ განაცხადა, რომ უკრაინაში 474 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 861 დაშავდა, თუმცა აღნიშნა რომ რეალური რიცხვი უფრო მაღალია, რადგან ინტენსიური ბრძოლების რაიონებიდან ინფორმაცია გვიან მოდის და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.