ორბანი ფიცოს მდგომარეობაზე: სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც მკვლელობის მცდელობისას დაიჭრა, "სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა."
ამის შესხებ Reuters წერს.
"ჩვენ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და სამსახურში დაბრუნებას ვუსურვებთ, რობერტ ფიკო სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა." - აღნიშნა მან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის "ლოცულობს ფიცოზე და წუხს სლოვაკეთზე," რადგანაც, თუ ფიცო გამოჯანმრთელდება, ის რამდენიმე თვე ვერ იმუშავებს და ეს მოხდება კრიტიკულ მომენტში, მომავალი თვის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნების წინ.
"გვიახლოვდება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს არა მხოლოდ ევროპარლამენტის წევრთა საკითხს, არამედ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებთან ერთად, შეიძლება განსაზღვროს ომისა და მშვიდობის მიმდინარეობა ევროპაში. ამ სიტუაციაში რობერტ ფიცო და მშვიდობისმოყვარე სლოვაკეთი ძალიან გამოგვადგება." - განაცხადა ორბანმა.
კონტექსტი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, პრემიერი მოქალაქეს მიუახლოვდა, რომელიც მას ესალმებოდა და სწორედ ამ დროს რამდენიმეჯერ გაისროლეს, რის შემდეგაც პრემიერი მიწაზე დაეცა.
მედია ირწმუნება, რომ მისი მოკვლა 71 წლის იურაჯ ცინტულამ სცადა, რომელიც შესაძლოა პრორუსულ გასამხედროებულ დაჯგუფება Slovenski Branci-სთან იყოს დაკავშირებული.
Slovenskí Branci არის არარეგისტრირებული გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც სლოვაკეთში 2012 წლიდან მოქმედებს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ორგანიზაცია "ღამის მგლების" სლოვაკეთის ფილიალთან თანამშრომლობდა.
მედიის ცნობით, 1953 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა "მოკლე ლულიანი იარაღიდან ისროლა, რომელიც კანონიერად ჰქონდა."
ტელეარხი Joj წერს, რომ იურაჯ ცინტულა სლოვაკეთში ცნობილი მწერალია, მან რამდენიმე ჯილდო მოიგო მოიგო და 2015 წლიდან პროფესიული ასოციაციის წევრიც იყო. ასევე ვარაუდობენ, რომ 2016 წელს ცინტულა, სავარაუდოდ, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა, საიდანაც იარაღის ნებართვა აქვს.