ორბანის გამოსვლის გამო, სლოვაკეთსა და რუმინეთში უნგრეთის ელჩები დაიბარეს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შაბათს, რუმინეთის ქალაქ ბეილე ტუშნადში სლოვაკეთს "უნგრეთისგან გამოყოფილი პროვინციის ნაწილი უწოდა."

ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პორტალ Napunk-ს განუცხადა.

სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩეხოსლოვაკია და, შესაბამისად, სლოვაკეთიც და უნგრეთიც, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანასწორი მემკვიდრეები არიან, ამიტომ "დღევანდელ უნგრეთს ვერაფერს წაართმევდნენ."

"ჩვენს ინტერესებში შედის ნორმალური და მშვიდი ურთიერთობების შენარჩუნება უნგრეთთან, მაგრამ მგრძნობიარე საკითხების ურთიერთგათვალისწინებით და ურთიერთპატივისცემით. უნგრეთის პრემიერის ბოლო განცხადებები ამას არ შეესაბამება," - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა უნგრეთის ელჩების დაბარება რუმინეთსა და სლოვაკეთში და განაცხადა, რომ "ეს არ იყო დიდი სიურპრიზი."

"შეხვედრის ტონი და ატმოსფერო შეიძლება შეფასდეს, როგორც მშვიდი და თავაზიანი. რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა პრაქტიკულად გაიმეორა წინა დემარშის თეზისები," - წერს ის ფეისბუქზე.

საუბარია ორკვირიან დემარშზე, როდესაც რუმინეთის ელჩმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ინსტრუქცია ბუქარესტიდან, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, რა არ უნდა განიხილებოდეს რუმინეთის საკურორტო ქალაქ ბეილე ტუშნადში "ტუსვანიოშის საზაფხულო უნივერსიტეტის" ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები