ოსტინი: NASAMS-ის ანტი-საჰაერო სისტემებმა 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემულმა NASAMS-ის ტიპის ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15 ნოემბრის მასირებული სარაკეტო შეტევისას 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის კონტაქტური ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
ოსტინის თქმით, კრემლში იმედი აქვთ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით შეძლებენ უკრაინელი ხალხის ნების გატეხვას, თუმცა ნებისმიერი ასეთი შეტევის შემდეგ უკრაინელების ნებისყოფა და წინააღმდეგობა კიდევ უფრო იზრდება.
ოსტინი ამბობს, რომ საკონტაქტო ჯგუფის მიზანია უკრაინამ შეინარჩუნოს ინიციატივა ბრძოლის ველზე.
"იმის დამადასტურებლად თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება შეგვიძლია NASAMS-ის ტიპის ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები დავასახელოთ. გუშინდელი მასირებული სარაკეტო თავდასხმის დროს სისტემებმა 100%-იანი ეფექტურობა გამოავლინეს", - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთის უმოწყალო დაბომბვები კიდევ უფრო გაამყარებს თავისუფალი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.