ოსტინი: სი ძინფინგის ვიზიტი მოსკოვში რუსეთის მხარდაჭერის საგანგაშო სიგნალია
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ მოსკოვში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების, სი ძინფინგისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არის რუსეთის ფედერაციისადმი ჩინეთის მხარდაჭერის "საგანგაშო სიგნალი." ამის შესახებ მან 23 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, წერს The Hill.
თავდაცვის მდივნის თქმით, სი ძინფინგის შეხვედრა პუტინთან და რუსეთში მისი რამდენიმედღიანი ვიზიტი "ძალიან საგანგაშო სიგნალს აგზავნის, [რუსეთისადმი] მხარდაჭერის სიგნალს."
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის პეკინის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში და მისი შეხვედრები პუტინთან "მხარდაჭერის გამოხატვაა", რაც "ძალიან შემაშფოთებელია".
ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციას ლეტალური იარაღით, ეს "გაახანგრძლივებს კონფლიქტს" და პოტენციურად გააფართოვებს მის გავლენას რეგიონს მიღმა, "გლობალური მასშტაბით."
ოსტინმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაც მოითხოვა და ხაზი გაუსვა "აშშ-ის სტრატეგიული კონკურენციის სერიოზულობას ჩინეთთან."
მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში პუტინის უკიდურესად აგრესიულ რუსეთს "მწვავე საფრთხე" ეწოდება და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მხარს მანამ დაუჭერს, სანამ ეს საჭირო იქნება.