პარტიზანები რუსეთთან ომში უკრაინის დიდი უპირატესობაა - Washington Post
უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, მან შესაძლოა დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილიც და ეს ყველაფერი პარტნიორების სამხედრო ტექნიკით და ორგანიზებული პარტიზანული წინააღმდეგობით მოხდება. ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ების და სხვა მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდების წყალობით, უკრაინის არმია ანადგურებს რუსეთის საველე შტაბებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, ხიდებს და სატრანსპორტო კვანძებს.
უკრაინის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ომის ახალ ფაზაში არის პარტიზანები. ყველა უკრაინელი ტელეფონით არის პოტენციური სადაზვერვო ინფორმაციის შემგროვებელი და საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებელი, წერს ჟურნალისტი.
სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთის შემოჭრისთვის მომზადების მიზნით, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულმა ბრიგადამ შარშან ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შექმნა წინააღმდეგობის ჯგუფები და დაიწყო მათი წვრთნა. ასეთი დანაყოფები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ასევე დონბასში ჩამოყალიბდა. ვინაიდან ეს რეგიონები რუსეთის შემოჭრის პოტენციური სამიზნე იყო.
პარტიზანულმა წინააღმდეგობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი კოლაბორაციონისტი გაანადგურა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის მიერ დანიშნული "ჩინოვნიკები" მოკლეს ან დასახიჩრდნენ, მათი მანქანები აფეთქდა. ზოგიერთი მათგანი მოწამლეს ან დახვრიტეს.
"უკრაინის წინააღმდეგობასთან დასაპირისპირებლად, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო ვაგნერის ჯგუფიდან დაქირავებულთა ომში გაწვევა. მაგრამ 6 თვიანი ბრძოლის შემდეგ, შეტევა ჩავარდა. როგორც ჩანს, საქმეები ძალიან ცუდად მიდის," - აჯამებს დევიდ იგნატიუსი.