პატრიარქი კირილი 70-იან წლებში ჟენევაში КГБ-სთვის მუშაობდა - შვეიცარიული მედია

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი (ვლადიმერ გუნდიევი) გასული საუკუნის 70-იან წლებში შვეიცარიაში КГБ-სთვის მუშაობდა და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. ამის შესახებ 4 თებერვალს შვეიცარიული გამოცემა Sonntags Zeitung წერს.

გაზეთი წერს, რომ ისტორიკოსები და ჟურნალისტები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს КГБ-სთვის მუშაობაში დიდი ხანია ადანაშაულებდნენ. თუმცა Sonntags Zeitung ფედერალური პოლიციის არქივს გაეცნო, რომელიც ადასტურებს კირილის КГБ-სთვის მუშაობას.  

გამოცემა წერს, რომ შვეიცარიაში მოღვაწეობისას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ოპერატიული ფსევდონიმი "მიხაილოვი" იყო.

პოლიციის არქივში, რომელსაც მედია გაეცნო, 1969 წლის ივლისიდან 1989 წლის დეკემბრის ჩათვლით დათარიღებული 37 დოკუმენტი არის. მათი უმეტესობა ეხება ვიზებს და გუნდიაევის შვეიცარიაში შესვლას. თუმცა, ასევე არის ცნობები, რომ პატრიარქი კირილი იყო იმ საბჭოთა ფუნქციონერებს შორის, რომელთა მიმართაც "მიღებულ იქნა ზომები." რა სახის ზომები, არ არის დაკონკრეტებული.

ვლადიმერ გუნდიევი თხილამურებზე სრიალისას, შვეიცარია, 1970-იანი წლები

ჟენევის ერთ-ერთმა მკვიდრმა გამოცემას განუცხადა, რომ გუნდიაევთან საუბრისას მას "ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ ის ინფორმაციას ეძებდა." ქალის თქმით, რომელიც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, კირილი "ძალიან მეგობრული იყო, მაგრამ ბევრ კითხვას სვამდა გადასახლებულ ადამიანებსა და სასულიერო პირებზე."

გაზეთი წერს, რომ გუნდიაევი ჟენევაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში ქადაგებდა, რომელსაც ახლა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ძმისშვილი მართავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანელი თეოლოგი გერჰარდ ბესიერი თავის წიგნში წერდა, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში КГБ-ს სურდა გავლენა მოეხდინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე, რათა მას თავი შეეკავებინა სსრკ-ში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის კრიტიკისგან და ამის ნაცვლად გაეკრიტიკებინა აშშ და მისი მოკავშირეები.

1971 წელს გუნდიაევს უფლება მისცეს ჟენევაში გადასულიყო, რათა რუსები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში წარმოედგინა. სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ, ის სწრაფად დაწინაურდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიაში.

პატრიარქმა კირილმა და რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს. გუნდიაევის ძმისშვილი ვარაუდობს, რომ ის [კირილი] აგენტი არ იყო, მაგრამ "КГБ-ს მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა."

მსგავსი სიახლეები