პატრუშევმა უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში ბომბსაფრების მომზადება ბრძანა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსეთის სამხრეთ, უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქებში ბომბსაფარებისა და სამოქალაქო თავდაცვის სხვა ობიექტების სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ პატრუშევმა ასტრახანში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ თათბირზე ისაუბრა.
"ვითხოვ უზრუნველყოთ საგანგებო სიტუაციებში მოქალაქეების გაფრთხილების კომპლექსური სისტემის საიმედო ფუნქციონირება. საჭიროა თავდაცვითი ობიექტები მოიყვანოთ შესაბამის მდგომარეობაში", - განაცხადა პატრუშევმა.
გარდა ამისა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა განსაკუთრებით აქტიურ კოორდინაციაში იყოს უკრაინასთან საზღვრისპირა რაიონების ადმინისტრაციებთან და მათ შორის უზრუნველყოს გამსვლელი სასწრაფი ბრიგადების შეუფერხებელი მუშაობა.
27 აპრილს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ დილით აფეთქების მსგავსმა ხმამ გააღვიძა. მალევე გაირკვა, რომ ბელგოროდის რაიონში ნავთობტერმინალი იწვოდა.
აფეთქებების ამსახველი კადრები ვრცელდებოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კიდევ ერთ, ამჯერად კურსკის ოლქში. აფეთქებები დააფიქსირეს ვორონეჟის შემოგარენში.
26 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების გაგრძელების შემთხვევაში სარაკეტო შეტევას მიიტანდნენ კიევზე, კერძოდ "გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე".
საღამოს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება. მისი თქმით, "უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ოლქების დემილიტარიზაცია ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება."