პაუზის შემდეგ ამერიკული დახმარების პაკეტი უკრაინისთვის $1 მილიარდი იქნება
7-თვიანი პაუზის შემდეგ ამერიკული დახმარების პირველი პაკეტი 1 მილიარდი დოლარის მოცულობის იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკრაინის დახმარების პირველ პაკეტში შევა სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა, Stinger-ის ტიპი მობილური საზენიტო კომპლექსები, TOW-ის და Javelin-ის ტიპის ანტი-სატანკო კომპლექსები, ასევე HIMARS-ის რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული შეიარაღების ნაწილი უკვე გერმანიისა და პოლონეთის სამხედრო საწყობებზეა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შეიარაღების გადაცემის დროს.
უკრაინის დახმარების რეკორდულად დიდი სამხედრო პაკეტის შესახებ დღეს გამოაცხადა გაერთიანებულმა სამეფომაც. პაკეტის მოცულობა 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 7-თვიანი პაუზის შემდეგ, 20 აპრილს დაამტკიცა. დღეს პაკეტს კენჭს უყრიან სენატში, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სენატში მას მყარი უმრავლესობა უჭერს მხარს.
კიევში ვიზიტით მყოფმა კონგრესის საგარეო კომიტეტის წევრმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა უფრო სწრაფად მიიღებს შეიარაღებას, ვიდრე ვინმე პროგნოზირებდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას ცნობით, შეიარაღების პირველი პარტია უკრაინამ შესაძლო უკვე აპრილის მიწურულს მიიღოს.
Politico-ს ინფორმაციით, პირველ პაკეტის ფარგლებში უკრაინა ჩვეულებრივზე უფრო მოცულობით სამხედრო დახმარებას მიიღებს. წყაროს ცნობით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებზე, საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებზე.