პენტაგონი: პოლონეთის წინადადება ლოჯისტიკურ სირთულეებს შეიცავს
აშშ-ის თავდაცვის უწყება პოლონეთის მთავრობის წინადადებას გამოეხმაურა. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის წინადადება სერიოზულ ლოჯისტიკურ სირთულეებს შეიცავს:
"არ ვფიქრობთ, რომ ეს ვარიანტი გონივრულია."
ცოტა ხნით ადრე, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს გადასცენ მათ საკუთრებაში არსებული საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები.
პოლონეთის ეს განცხადება, უკრაინის მოთხოვნას უკავშირდება - ომის დაწყების მომენტიდან პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვას ან სამხედრო თვითმფრინავებს სთხოვენ.
საქმე ის არის, რომ უკრაინელ პილოტებს, მხოლოდ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, ასეთი - კონკრეტულად MIG-ის ტიპის თვითმფრინავები - ყოფილი ვარშავის ბლოკის ქვეყნებშია. მათ შორის ყველაზე მეტი MIG-ის ტიპის თვითმფრინავი პოლონეთს ჰყავს. თავის მხრივ, პოლონელებს ჩანაცვლების პრინციპით ამერიკული წარმოების F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიიღებდნენ.
"აშშ-ის გადაცემული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც უნდა აფრინდნენ ამერიკული/ნატოს სამხედრო ბაზიდან, იმ საჰაერო სივრცეში უკრაინის თავზე, რომელშიც დომინირებასაც რუსეთი ცდილობს, ქმნის დამატებით სირთულეებს მთლიანად ნატოს ალიანსისთვის", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ამავდროულად, პენტაგონში განმარტავენ, რომ აგრძელებენ საკითხზე მუშაობს პოლონეთის მთავრობასთან:
"ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ამ საკითხზე და იმაზე, თუ რა სირთულეებს შეიცავს ეს, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება გონივრულია."
პენტაგონის განცხადებამდე გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის მთავრობას წინადადების გასაჯაროებამდე ამერიკულ მხარესთან კონსულტაციები არ გაუვლია.