პენტაგონი: რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს, მაგრამ ხელშესახები პროგრესი არ აქვთ
რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით 980-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მაგრამ უკრაინის დიდ ნაწილში ხელშესახებ პროგრესს მაინც ვერ მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს 16 მარტს განუცხადა.
პენტაგონის ოფიციალური პირები მედიას რეგულარულად წარუდგენენ თავიანთ შეფასებას უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ ამას ანონიმურად აკეთებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები კიევის მახლობლად იყვნენ "გაჭედილი" და ვერ მიიწევდნენ ქალაქისკენ ვერც ჩრდილოეთიდან, ვერც ჩრდილო-დასავლეთიდან და ვერც აღმოსავლეთიდან. კიევის აღმოსავლეთით, პენტაგონის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ 30 კილომეტრში არიან ქალაქის ცენტრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები კვლავ აკონტროლებენ ქალაქ ბროვარს, რომელიც კიევიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
მარიუპოლი და ჩერნიგოვი რუსი სამხედროების ალყაში რჩება, მაგრამ აშშ-ს სადაზვერვო ცნობებით, უკრაინელები ჩერნიგოვის სამხრეთით "გარკვეული წარმატებით ცდილობდნენ კომუნიკაციის ხაზების აღდგენას".
უკრაინელები აგრძელებენ ნიკოლაევის დაცვას, რუსული ჯარები ქალაქიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრში, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთით, არიან.
პენტაგონის მონაცემებით, საშუალოდ, რუსული ავიაცია დღეში დაახლოებით 200 გაფრენას ახორციელებს, ხოლო უკრაინული ავიაცია ხუთიდან ათამდე.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, უკრაინაში საომარ მოქმედებებში რუსეთის არმიის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების დაახლოებით 75%-ია ჩართული.