პენტაგონის დახურული ბრიფინგი უკრაინის ომზე | მთავარი

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა დახურული ბრიფინგი ჩაატარა, სადაც პრესას უკრაინის ომის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გააცნო.

პენტაგონის შეფასებით, რუსეთს ჯერ დონბასში მსხვილი სამხედრო იერიში არ დაუწყია და იზიუმის და დონეცკის მიამრთულებით "შეზღუდული მასშტაბის იერიშებს" ახორციელებს.

"ეს დონბასში სრულმასშტაბიანი იერიშის პრელუდიაა", - აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

წყაროს თანახმად, საოკუპაციო ძალები თავდაპირველი მარცხის და დიდი მატერიალური ზიანის შემდეგ კვლავ გადაჯგუფებას განაგრძობენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საომარ ქმედებებს რეორგანიზებული 2 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი შეუერთდა.

ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციით, ჯამში რუსეთს უკრაინაში ამჟამად 78 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს დისლოცირებული.

ომის დაწყებამდე რუსეთს 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავდა მობილიზებული. 

მარიუპოლის ალყაზე სულ ოკუპანტების 11 ბატალიონია მიმაგრებული, რომელთა გადასროლა რუსეთს ჩრდილოეთის მიმართულებით სურს.

ბრიფინგზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ უკრაინაზე. ხერსონის ოლქში "აქტიური საბრძოლო ქმედებები" მიმდინარეობს, თუმცა მიკოლაივი კვლავ უკრაინელების ხელში რჩება - აცხადებს წყარო.

"ჩვენი შეფასებით, რუსეთს მარიუპოლის ჩრდილოეთით და ხარკოვის სამხრეთით იერიში სურს...რათა დონბასი [დანარჩენი უკრაინისგან] ჩაკეტოს", - ამბობს მაღალჩინოსანი.

პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას შეიარაღების სახით არტილერიას - ჰაუბიცებს - მიაწვდის. უკრაინელი სამხედროები სპეციალურ საარტილერიო წვრთნასაც გაივლიან.

სულ აშშ შემდეგ 24 საათში იარაღით გაგზავნილი შვიდი ავიამზიდის გაგზავნას აპირებს.

მსგავსი სიახლეები