პეტრეუსი: უკრაინის კონტრიერიში ძალიან შთამბეჭდავი იქნება

დავიდ პეტრეუსის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოახლოებული კონტრიერიში წარმატებული იქნება. 

ამის შესახებ ერაყისა და აშშ-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა BBC 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ეს იერიში ძალიან შთამბეჭდავი იქნება",- განაცხადა პეტრეუსმა.

პეტრეუსის თქმით, უკრაინული ძალები შეძლებენ კოორდინირებულ წარმოებას საარმიო შენაერთების დონეზე (Combined arms operation) - ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ერთდროულად მონაწილებენ სხვადასხვა ტიპის ჯარები: ქვეითი დანაყოფები, არტილერია, მექანიზებული დანაყოფები, ავიაცია. 

ამერიკელმა გენერალმა ომის დასრულების პერსეპქტივებზეც ისაუბრა. პეტრეუსის თქმით, უკრაინელები მკაფიო და კატეგორიულები არიან იმ საკითხში, თუ რას ნიშნავს მათთვის გამარჯვება. 

"კულისებში არ მიმდინარეობს არანაირი საუბრები, ისინი მტკიცე არიან განზრახვაში გაათავისუფლონ მათი სამშობლო",- თქვა პეტრეუსმა.

CIA-ის ყოფილი დირექტორის თქმით, ამ მოცემულობაში ამერიკული ადმინისტრაციის ამოცანაა მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას რათა ვლადიმირ პუტინი კიდევ დარწმუნდეს წამოწყებული ომის უპერსპექტივობაში. 

პეტრეუსი ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პერსპექტივებთან დაკავშირებითაც. 

"უკრაინის მხარდაჭერა ორივე პარტიაში საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ ასეც გაგრძელდება და იქნება საკმარისი ძალისხმევა მიმართული რესპუბლიკური პარტიის ნაწილის დასარწმუნებლად, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეჩერება ცუდი იდეაა."

 

მსგავსი სიახლეები