პირველი 20 უკრაინელი პილოტი F-16-ზე წვრთნებს ბრიტანეთში დაიწყებს
20-მდე უკრაინელი მფრინავი F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების პირველ ეტაპს ბრიტანეთში დაიწყებს.
ამის შესახებ Foreign Policy ბრიტანეთის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
"ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის F-16-ის გამანადგურებლებზე (ან სხვა სამხედრო თვითმფრინავებზე) ფრენისთვის", - თქვა წყარომ.
უკრაინა გეგმავს ისეთი პილოტები გაგზავნოს, ვინც უკვე კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რათა დააჩქაროს მომზადების პროცესი.
ნატოს სასწავლო კურსი "შესავალი გამანადგურებლების საბაზისო კონტროლში" მოიცავს სიმულატორებსა და რეალურ თვითმფრინავებს.
კონტექსტი
მაისში დიდმა ბრიტანეთმა საერთაშორისო კოალიციის შექმნა გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებზე, მათ შორის F-16-ზე.
კოალიციაში უკვე შედის დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტუგალია.
თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით F-16-ს მიიღებს უკრაინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ F-16-ების მიღების შემდეგ უკრაინა ომს მოიგებს.
დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ უკრაინელ მფრინავებს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე სწავლების დაწყება ივლისში შეუძლიათ.