პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაადასტურა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის მიწოდებას არ გეგმავს.

Tagesspiegel-ის ცნობით, ეს განცხადება მან ვილნიუსში ნატოს სამიტზე გააკეთა.

"თუ ცალკეული პარტნიორები ამას გააკეთებენ (შორი დისტანციის რაკეტების მიწოდება - რედ.), ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ ვაპირებთ პოზიციის შეცვლას." - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ვერ ხედავს გერმანიის გაკრიტიკების მიზეზს, რადგან მისი ქვეყანა, აშშ-სთან ერთად, უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს.

"ჩვენ გარეშე უკრაინის საჰაერო თავდაცვა სრულიად შეუძლებელი იქნებოდა." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მაისის ბოლოს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების თხოვნით მიმართა, რომელთა მოქმედების მანძილიც 500 კილომეტრამდეა.

მანამდე, ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემა გამოაცხადა.

მაკრონს არ უხსენებია იარაღის კონკრეტული სახელწოდება, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარი იყო SCALP-ის რაკეტებზე, რასაც ბრიტანეთში Storm Shadow-ს უწოდებენ, რადგან ეს ფრანკო-ბრიტანული რაკეტაა.

მსგავსი სიახლეები