პოდოლიაკი: ოკუპანტების დანაკარგები უკრაინაში 115 000 მოკლულს და დაჭრილს აღწევს
რუსეთის არმიის დანაკარგები ომის 132 დღის განმავლობაში 95-დან 115 ათასამდე მოკლული და დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 5 ივლისს Ходорковский LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციის რეგულარულმა არმიამ 36 000 სამხედრო დაკარგა, ხოლო რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიებმა - 10 000-დან 12 000-მდე.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის იმ ნაწილებში, რომლებიც დონბასის შტურმში მონაწილეობდნენ, ცოცხალი ძალის 25-35% გადარჩა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების და სამობილიზაციო რეზერვის გათვალისწინებით, რუსეთმა 16 ივნისის მდგომარეობით უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 330 ათასი ადამიანი ჩართო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, მხოლოდ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლებში დამპყრობლებმა 7 ათასამდე სამხედრო დაკარგეს.