პოდოლიაკი: უკრაინა რუსეთის დამარცხებამდე იბრძოლებს
უკრაინა იბრძოლებს, სანამ რუსეთი არ დამარცხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა 13 ივნისს, ბელორუსულ გამოცემა Зеркало-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"პრეზიდენტმა პროგრამა მინიმუმი დაგვისახა: რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიონ იმ პოზიციებზე, რომლებიც 23 თებერვალს დაიკავეს. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, სადაც განვიხილავთ ყველა პრეტენზიას ერთმანეთის მიმართ. პროგრამა მაქსიმუმი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის დამარცხება და მისი ტრანსფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მუდამ პროპაგანდისტულ აურზაურში, რევანშისტურ განწყობილებაში იქნება და გამუდმებით შეეცდება განაახლოს ომი ახალი ინტენსივობით. ეს არის პრობლემა", - აღნიშნა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ყველაზე დიდი დანაკარგი ადამიანების სიკვდილია.
"ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას დასჭირდება დაამტკიცოს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, ეს ძალიან რთულია, რადგან ამის მტკიცება ყოველდღე მოითხოვს ბიჭების სიცოცხლეს. ადამიანი - ძალიან რთული კონსტრუქციაა. ის ინვესტირებას ახდენს საკუთარ თავში, ვითარდება, სწავლობს, არის ღია, კონკურენტუნარიანი. ეს ხალხი სახელმწიფოს დამატებით ღირებულებას უქმნის. ჩვენი ხალხი ასეთია. მაგრამ ისინი კვდებიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ იმას, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ოქროს აქტივი. მე მინდა ვიპოვო მექანიზმი, რომელიც ჩვენს ფასს შეამცირებს. არ მაინტერესებს რამდენს იხდის რუსეთის ფედერაცია. ჩვენთვის ეს მაღალი ფასია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ რუსეთი არ წააგებს", - დაასკვნა პოდოლიაკმა.