პოლონეთი: აპრილამდე უკრაინისთვის 1 მთლიან ბრიგადას გავწვრთნით და აღვჭურვავთ
პოლონეთი მზად არის უკრაინისთვის 1 მთლიანი სამხედრო ბრიგადა გაწვრთნას და შეაიარაღოს, მათ შორის ტანკებითაც.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ შევძლებთ აღვჭურვოთ და გავწვრთნათ უკრაინელი სამხედროები მარტის ბოლომდე, 1 ბრიგადის მასშტაბით",- თქვა მარიუშ ბლაშაკმა. მინისტრის თქმით, პოლონეთს ჯერ კიდევ აქვს დარჩნილი საბჭოთა წარმოების T72-ის ტიპის ტანკებისა და ქვეითებისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორების მარაგი.
ამავდროულად, ბლაშაკს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ჯარისკაცის გაწვრთნას შეძლებს პოლონეთი დათქმულ პერიოდში.
კონტექსტი
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო დონორი სახელმწიფოა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე ვარშავამ კიევს 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გადასცა, მათ შორის მძიმე არტილერია და ტანკები.
თავის მხრივ პოლონეთი უკვე რამდენიმე კვირაა ღიად აცხადებს, რომ მზად არის უკრაინას საკუთარ განკარგულებაში არსებული გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს.
რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ტანკების გადაცემის საკითხზე შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.
ამ დრომდე დიდი ბრიტანეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც უკრაინას დასავლური წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკებს მიაწვდის - საუბარია ადგილობრივი წარმოების Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკზე.