პოლონეთი ბელორუსის საზღვარზე კედლის მშენებლობას ამთავრებს

ბელორუსის საზღვარზე პოლონეთი კედლის მშენებლობას ამთავრებს, უკვე აშენებულია 206 კმ. ამის შესახებ 1 მაისს სააგენტო PAP-ს პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა ანა მიხალსკაიამ განუცხადა.

სამუშაოები კედლის კიდევ 150 მეტრზე მიმდინარეობს. როგორც მიხალსკაიამ განმარტა, ტერიტორიის დატბორვის გამო ადგილზე საჭირო მოწყობილობების დამონტაჟება შეუძლებელია. სამუშაოები გაგრძელდება, როდესაც წყლის დონე დაიწევს.

"თითქმის მთელი კედელი მუშაობს და გვაქვს სრული ჩანაწერი, თუ რა ხდება საზღვარზე. აქედან გამომდინარეობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობების დიდი რაოდენობა, რასაც ვაფიქსირებთ", - აღნიშნა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

2023 წლის დასაწყისიდან პოლნეთში 8 ათასი ასეთი მცდელობა უკვე დაფიქსირდა, 2022 წელს კი - თითქმის 16 ათასი.

საზღვარზე აშენებული კედელი ბელორუსის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ მიგრაციულ ზეწოლაზე პასუხია, რომელიც 2021 წლის შუა რიცხვებიდან გრძელდება.

კედლის მშენებლობაზე პოლონეთის ბიუჯეტიდან 353 მილიონი ევრო დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები