პოლონეთი რუსეთისგან გაზის შესყიდვის სრულად შეწყვეტას გეგმავს
2023 წლიდან პოლონეთი გეგმავს მთლიანად უარი თქვას რუსული გაზის შესყიდვაზე. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომისარმა პიოტრ ნაიმსკიმ რადიო RMF FM-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან გაზის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. კონტრაქტის დასრულების შემდეგ პოლონეთი რუსეთისგან გაზის შეძენას არ აპირებს.
პოლონეთი ბუნებრივი აირის დაახლოებით 50%-ს რუსეთიდან იღებს, მაგრამ პოლონეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია მისი ჩანაცვლება. ნაიმსკი ამბობს, რომ პოლონეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიას (PGNiG) აქვს კონტრაქტების პორტფელი, რომელიც რუსული გაზის ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.
ნაიმსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის ოქტომბერში ექსპლუატაციაში შევა Baltic Pipe გაზსადენი, რომლითაც პოლონეთი ბალტიის ზღვის გავლით ნორვეგიულ გაზს მიიღებს.
პოლონეთს ქალაქ სვინოუისცეში თხევადი გაზის მისაღებად საჭირო გაფართოებული ტერმინალიც აქვს.