პოლონეთის ახალმა პარლამენტმა სპიკერად ოპოზიციური ალიანსის კანდიდატი აირჩია

13 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, პოლონეთის ახალი პარლამენტი პირველად შეიკრიბა და სეიმის - ქვედა პალატის სპიკერად დონალდ ტუსკის პრო-დასავლური ალიანსის კანდიდატი, სიმონ ჰოლოვნია აირჩია.

მას მხარი 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 265-მა, ხოლო „კანონისა და სამართლის“ კანდიდატ ელჟბეტა ვიტეკს 193-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მნიშვნელობით მეორე პოზიციაა ქვეყანაში, რადგან სწორედ სპიკერი ცვლის პრეზიდენტს გარდაცვალების შემთხვევაში.

სიმონ ჰალოვნიამ პარლამენტში თავის პირველ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „კანონისა და სამართალის პარტიის“ მიერ ქვეყანაში 2015 წლიდან დანერგილ პრაქტიკასთან გაწყვეტს.

„პარლამენტი აღარასოდეს იქნება სიძულვილის ტრიბუნა. ჩემი მიზანი და პროგრამა მარტივია. მე მსურს, რომ როდესაც ტელევიზორში პოლონეთის პარლამენტი გამოჩნდება, მშობლებმა შვილებს თვალები და ყურები არ დაუხშონ,“ - განაცხადა პოლოვნია.

პოლონეთში ახალი პოლიტიკური ერის დაწყების ნიშნად, ახალმა სპიკერმა მმართველი „კანონის და სამართლის პარტიის“ მიერ პარლამენტის შენობის გარშემო აღმართული ბარიერები მოხსნა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს დაპირდა, რომ მათთვის საკანონმდებლო ორგანო უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება.

კონტექსტი

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 35.4% (194 მანდატი) მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა - PiS“ მოიპოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ფორმირებისთვის პოლონეთის 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 231 მანდატის ფლობაა საჭირო, „კანონი და სამართალი - PiS“ დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.

„კანონი და სამართალი“ 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ბოლო 8 წელია პოლონეთის ხელისუფლების სათავეში იმყოფება. აღნიშნულ გაერთიანებას პოლონეთში კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლის, მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულების, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. და ა.შ. გამო, წლებია აკრიტიკებენ.

მიუხედავად იმისა, რომ „სამოქალაქო პლატფორმას“, მესამე გზას“ და „მემარცხენეებს“, რომლებმაც 10 ნოემბერს ხელი კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს, ჯამში 248 საპარლამენტო მანდატი აქვთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თანაპარტიელებს მისცა, რის გამოც დონალდ ტუსკი და მისი მოკავშირეები პოლონეთის პრეზიდენტს ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

თუ მატეუშ მორავიეცკი სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს წარუმატებლად დაასრულებს და ოთხი კვირის განმავლობაში უმრავლესობას ვერ შექმნის, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს და 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიეცემა.

 

მსგავსი სიახლეები