პოლონეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის აშენებას იწყებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ამერიკული კომპანია Westinghouse 2033 წლისთვის, პოლონეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებას დაასრულებს.
"ჩვენი დათვლით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარი იქნება" - აღნშინა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საინვესტიციო თანხა დიდია, თუმცა, ელექტროსადგურის მოქმედებაში შესვლის შემდეგ, თანხის დაზოგვა ელექტროენერგიის გამომუშავებით მოხდება.
პოლონეთის ხელისუფლების სურვილია, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქვეყნის დამოკიდებულება ქვანახშირზე, რომელიც ახლა 70%-ს აღწევს და ასევე რუსულ ენერგო წყაროებზე, მნიშვნელოვნად შემცირდეს.
ატომური ელექტროსადგურის აშენების სურვილი 1980-იანი წლების დასაწყისშიც არსებობდა, თუმცა 1986 წელს, ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ეს იდეა აღარ განხორციელდა.
პოლონეთის მიზანია, რომ 2040 წლისთვის, ორ სხვადასხვა ადგილზე, 6 ატომური რეაქტორი მოქმედებდებს, თუმცა, მორავეცკიმ ისიც არ გამორიცხა, რომ დამატებით, მესამე ადგილზეც განთავსდეს რეაქტორები.
დღეს არსებული გეგმის თანახმად, ამერიკულმა კომპანიამ, ატომური ელექტროსადგურის მშენევლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, ხოლო 2033 წელს ექსპლუატაციაში შევიდეს.