პოლონეთის პრეზიდენტი დაკავებული მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მარიუშ კამინსკის (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი) და მაჩეი ვოსიკის (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე) შეწყალებას აპირებს.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციამ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. პოლონეთის პოლიციას საქმის დეტალები არ გაუმხელია, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილი მმართველი გაერთიანების - „კანონისა და სამართლის პარტიის“ წევრების დაკავება „სასამართლოს ბრძანების შესაბამისად მოხდა“.
კამინსკი და ვოსიკი 2007 წელს ანტი-კორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2015 წელს მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 2023 წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შეწყალება და განმეორებითი განხილვის ბრძანება გასცა. განხილვის შედეგად, დეკემბერში სასამართლომ მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვოსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანჯეი დუდამ ორი მაღალჩინოსნის ხელმეორედ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც ვარშავაში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია ყოფილი მმართველი პოლიტიკური გაერთიანების - „კანონის და სამართლის პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა ადამიანებმა მოგვიანებით მშვიდობიანი მსვლელობით პრემიერ- მინისტრ დონალდ ტუსკის ოფისისკენ გადაინაცვლეს.
ყოფილი მაღალჩინოსნები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ხელისუფლების სათავეში დონალდ ტუსკის მოსვლით ქვეყანაში დიქტატურა ყალიბდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ანჯეი დუდა მოკავშირეებს მართლმსაჯულებისგან გაქცევაში ეხმარება. ამას გარდა, ყველას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კანონის უზენაესობას.
„კანონი და სამართალი“ 2001 წელს ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების მიერ შექმნილი პარტიაა, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების სათავეში ბოლო 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. აღნიშნულ გაერთიანებას პოლონეთში კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლის, მედია დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულების, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ა.შ. და ა.შ. გამო, წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.
კონტექსტი
საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 35.4% (194 მანდატი) მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა - PiS“ მოიპოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ფორმირებისთვის პოლონეთის 460 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 231 მანდატის ფლობაა საჭირო, „კანონმა და სამართალმა“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თანაპარტიელებს მისცა, თუმცა, მატეუშ მორავიეცკიმ საპარლამენტო მანდატების მქონე სხვა პოლიტიკური პარტიები თანამშრომობის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა და მთავრობის ფორმირების საშუალება „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერს და 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიეცა.
დონალდ ტუსკის კოალიციამ, რომელსაც ჯამში 248 მანდატი აქვს, მუშაობა 13 ნოემბერს - პოლონეთის პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ დაიწყო. ტუსკის მთავარი დაპირება პოლონეთში დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის აღდგენაა.