პოლონეთის სეიმმა რუსული გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში რუსული გავლენის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის შექმნას. ამის შესახებ Associated Press წერს.

კომისიას პროკურორისა და მოსამართლის უფლებამოსილებები ექნება. მას შეეძლება სხვადასხვა სანქციების გატარება, მათ შორის საჯარო თანამდებობების დაკავების ათწლიანი აკრძალვა.

კომისიის შექმნას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 219 იყო, ერთმა - თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტს ხელი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უნდა მოაწეროს. ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა ის ამას.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნის მიზანი მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტის, დონალდ ტუსკის წარსული საქმიანობის გამოძიებაა. პარტია "კანონი და სამართლიანობა" დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერ მინისტრს 2007-2014 წლებში და ახლა ოპოზიციური "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერს ადანაშაულებს, რომ ის "რუსეთის მიმართ ზედმეტად მეგობრული" იყო და რუსეთისთვის სასარგებლო გაზის კონტრაქტები გაუფორმა.

ტუსკმა იმ დეპუტატებს, ვინც კომისიის შექმნას მისცა ხმა, მშიშრები უწოდა, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მან პოლონელებს მოუწოდა 4 ივნისს პროდემოკრატიულ აქციებზე გამოვიდნენ.

მსგავსი სიახლეები