პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება "ტერორისტულ რეჟიმად" აღიარა

26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას "ტერორისტულ რეჟიმად" აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პარლამენტის (სენატის) ზედა პალატის ვებგვერდი ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებულ დოკუმენტში პოლონეთის სენატი "მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად".

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ სუვერენული ქვეყნის და მისი ერის განადგურება. ასევე სენატის წევრები აცხადებენ, რომ უკრაინა დღეს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მოსახლეობას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით.

"რუსული ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, რათა რეჟიმის იანიჩარებად აღზარდონ. ისინი დეპორტირებას უკეთებენ, ასახლებენ და აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის შორეულ პერიფერიაში", - ნათქვამია დოკუმენტში. 

როგორც სენატორებმა აღნიშნეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ძალადობის აპარატი სტალინური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები