პოლონეთი სამხრეთ კორეასთან ერთად 4 ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
ორშაბათს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაცეკ სასინმა, ქვეყნის პირველი ატომური სადგურის აშენებაზე აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, განაცხადა.
სასინისა და კორეის ენერგეტიკის მინისტრის ლი ჩანგ-იანგის მიერ სეულში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი შეაფასებს სამხრეთ კორეის ტექნოლოგიით რეაქტორების მშენებლობის მიზანშეწონილობას.
"ატომური ენერგია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა", - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
სასინმა თქვა, რომ "ისტორიული" შეთანხმება გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რომელიც ამჟამად ნახშირის სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას, რაც ნაწილობრივ რუსული ნახშირის იმპორტის სანქცირებით არის გამოწვეული.
"უსაფრთხოებას ბევრი ფორმა აქვს, მაგრამ ამ სახეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამხედრო და ენერგეტიკული უსაფრთხოება", - თქვა სასინმა.
ახალი რეაქტორი, რომელიც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი იქნება, რომელსაც ზედამხედველობას პოლონურ-კორეული კონსორციუმი უწევს, განთავსდება პოლონეთის ცენტრალურ ქალაქ კონინში. სასინის თქმით, "მომავალ წლებში მთავრობა მიზნად ისახავს სამი ატომური სადგურის აშენებას".
პოლონეთისა და კორეის შესაბამისმა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ განვითარების წინასწარი გეგმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად.
პარასკევს პოლონეთმა განაცხადა, რომ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია Westinghouse-ს სთხოვა თავისი პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენება.