პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეზე უკვე 12 ადამიანია დაკავებული
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ კიდევ სამი პირი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. ამის შესახებ სააგენტო PAP 28 მარტს წერს.
საერთო ჯამში, პოლონური სპეცსამსახურის მიერ ჯაშუშური ქსელის ლიკვიდაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, სტანისლავ ჟარინის თქმით, საუბარი იყო ადამიანებზე, რომლებიც ასრულებდნენ რუსული სპეცსამსახურების "კონკრეტულ დავალებებს" - როგორც "ტიპიურად სადაზვერვო საქმიანობას", ასევე ანტიპოლონურ პროპაგანდას.
კერძოდ, ჯაშუშური ქსელის წევრები აგროვებდნენ ინფორმაციას უკრაინის დახმარების შესახებ.
რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ქსელის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მედიამ 16 მარტს გაავრცელა. სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ჟურნალისტების თქმით, უცხოელები არიან "აღმოსავლეთ საზღვრიდან."
სავარაუდო ჯაშუშების დაკავების მიზეზი მნიშვნელოვან მარშრუტებსა და სარკინიგზო კვანძებზე ფარული კამერების აღმოჩენაა, რომლებიც აფიქსირებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას და სურათებს ქსელში აგზავნიდნენ.