პოლონეთის პრემიერი: რუსების ქონების კონფისკაციას განვიხილავთ
პოლონეთის მთავრობა უკრაინაში არსებულ ვითარებას ოპოზიციასთან ერთად განიხილავს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პოლონეთში არსებული რუსული ქონების კონფისკაცია იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ Wprost-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა.
მისი აზრით, ამ საკითხის სეიმში (პარლამენტში) გატანის პროცესში ოპოზიციაც უნდა იყოს ჩართული.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ, ერთის მხრივ, პოლონეთში საკუთრების უფლება კონსტიტუციითაა დაცული, ხოლო მეორე მხრივ, "უფრო და უფრო მეტ პოლონელს არ ესმის, თუ რატომ ართმევენ იტალიელები რუს ოლიგარქებს იახტებს, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანაში არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ".
მთავრობის მეთაურის თქმით, პოლონეთში რუსების საკუთრებაში მყოფი "გარკვეული სახის უძრავი ქონება და ფინანსური აქტივები", კერძოდ - კომპანიების აქციები არის.