პომპეო: რევოლუციის გუშაგების ტერორისტების სიიდან ამოღება ირანთან კაპიტულაცია იქნება
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტების სიიდან ამოღება „სახიფათო კაპიტულაცია“ იქნება.
ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს შეიყვანა.
მანამდე, 2018 წელს, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა.
ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს, გუშაგთა კორპუსის აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას განიხილავს.
„[გუშაგების სიიდან ამოღება] რეალობის უარყოფა იქნება, კორპუსის მთავარ მიზანს სწორედ ტერორის გავრცელება წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პომპეოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი აწერს ხელს.
პომპეო წელს აშშ-ს სადაზვერვო უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშს ციტირებს, სადაც ირანი ამერიკელებისთვის პირდაპირ საფრთხედაა შეფასებული. „ირანი აშშ-ში ლეტალური ოპერაციების ჩატარებას ცდილობდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელშიც ბირთვული შეთანხმების მხარეები მონაწილეობენ, ჩიხში შევიდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, 2015 წლის ხელშეკრულებაში დაბრუნება „არც გარდაუვალია და არც უეჭველი“.